მოსწავლეთა შეფასება

  • Home
  • მოსწავლეთა შეფასება
  1. შეფასების მიზანი

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

მოსწავლის შეფასების ამოცანები

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

  1. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს  საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების   უნარს;  

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

  1. მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასების სისტემა

სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი  ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.

მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

ქულებიშეფასების დონეები
10მაღალი
9
8საშუალოზე მაღალი
7
6საშუალო
5
4საშუალოზე დაბალი
3
2დაბალი
1

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით.  ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10. 

V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

  • ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

  • საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი

კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

  • საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ); 
  • საგნის   წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში  აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც, რომელიც გათვალისწინებულია საბაზო და საშუალო საფეხურზე. (იხ. ქვემოთ, გამოცდის ტიპები); გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.
  • საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.
  1. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები  ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

 საშინაო დავალება; საკლასო  დავალება; შემაჯამებელი დავალება;  

სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).

I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება

 I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრიV კლასის მეორე სემესტრი და VI კლასისაბაზო-საშუალო საფეხურები
მიმდინარე საშინაო დავალებაგანმავითარებელი შეფასებაგანმავითარებელი შეფასებაგანმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება
მიმდინარე საკლასო დავალებაგანმავითარებელი შეფასებაგანმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასებაგანმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება
შემაჯამებელი დავალებაგანმავითარებელი შეფასებაგანმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასებაგანმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.

საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის სასურველი, როცა  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის   საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს სხვადასხვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის  (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)  შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას  მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.

საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებაში 10 ქულაზე მეტი შეფასების რუბრიკის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ქულის 10 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით:  მიღებული ქულა უნდა გამრავლდეს 10-ზე და გაიყოს მაქსიმალურ ქულაზე (მაგ. თუ შეფასების რუბრიკა არის 40 ქულიანი და მოსწავლემ მიიღო 27 ქულა, ქულის კონვერტაცია ხდება შემდგი სახით: (27*10:40=6,75).

  • სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N3 სახით თან ერთვის შეფასების სქემები/რუბრიკები, თუმცა ნიმუშები მოცემულია მაგალითის სახით, თითოეულმა მასწავლებელმა შესაძლებელია თვითონ შეიმუშაოს ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა.

6. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს  კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი  დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი  შემაჯამებელი  დავალება, რომელიც  შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებელად აუცილებელია შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის მასწავლებელმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

  • ქულების გამოანგარიშების წესი

1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადმოსვლისას აღმოჩნდება, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში, რომლებშიც დაგეგმილია წლიური გამოცდის ჩატარება, გამოცდების ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, კერძოდ, საგნის წლიური ქულა გამოიანგარიშება – საგნის ორი სემესტრული და ერთი – გამოცდის ქულის საშუალო არითმეტიკულით (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

დ) თუ მოსწავლეს,  სკოლიდან სკოლაში  სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო,  მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება).  ამასთან, სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადმოსვლის გამო, სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად).

4. საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

გ) დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

8. კლასისა და საფეხურის  დაძლევა

1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში – სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში,  რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

9. შეფასება და გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

4. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო,  სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

                                                                       10.    გამოცდის ტიპები

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში  შესაძლებელია ჩატარდეს  შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • სემესტრული გამოცდა;
  • საშემოდგომო გამოცდა;
  • ექსტერნატის  გამოცდა;
  • წლიური გამოცდა.

10.1 სემესტრული  გამოცდა                                                                       

1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

2. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სკოლის დირექტორს მიმართავს პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.

3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

5. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

10.2 საშემოდგომო გამოცდა                                                                       

1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე  ნაკლები,  სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;

2. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;

3. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა);

4. სკოლა საშემოდგომო გამოცდებს ჩაატარებს წერილობით ტესტირების ფორმით, 2023 წლის 01 სექტემბრიდან 07 სექტემბრამდე. გამონაკლისის სახით, ობიექტური მიზეზის შემთხვევაში (ავადმყოფობა, საზღვრგარეთ ყოფნა და სხვა ოჯახური პირობები), საშემოდგომო გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს 2023 წლის 30 ივნისიდან 07 ივლისის ჩათვლით.

10.3  ექსტერნატის ფორმით გამოცდა                                                                      

1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

2.  ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და  აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

10.4  წლიური გამოცდა                                                                       

1. 2022-2023 სასწავლო წელს წლიური გამოცდა ჩატარდება შემდეგ კლასებსა და საგნებში:

Nსაგანიკლასი
1მათემატიკაVII
2მათემატიკაVIII
3ისტორია, ბიოლოგიაIX
4ინგლისური ენა, მათემატიკაX
5ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორიაXI

2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას, წლიური გამოცდის ქულა დაემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი გაიყოფა სამზე.

3. წლიურ გამოცდას არ ჩააბარებენ სსსმ მოსწავლეები, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ.

მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

1. შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.

2. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

3. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

4. პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.