ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.
4. სსსმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას, სასწავლო გარემოს აკომოდაციას და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავებას.
5. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
7. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:
ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;
ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;
გ) შეფასების აკომოდაცია;
დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.
8. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს. ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით და მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის შემთხვევაში და ასევე შინ სწავლებისას. ალტერნატიული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია – შედეგზე ორიენტირება მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე ორიენტირებაა. ალტერნატიული სასწავლო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საგნის მასწავლებელი ფსიქოლოგთან ერთად, შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს.